კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

 

              Welcome!




                        მთავარი
              
მომსახურეობა
           ღირშესანიშნაობანი
         
დაგვიკავშირდით

English


       

 

 

 

 

                                გალერეა


 

  

აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, . ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.
კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლიაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლიაჟები კეთილმოწყობილია: გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა და უშუალოდ პლიაჟზე ჩადგმული კაფე-ბარებისა, აქ ფუნქციონირებს მრავალი წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.

 

    

    

  კურორტი ციხისძირი მდებარეობს ბათუმის ჩრდილოეთით, მისგან 17 კმ.-ის დაშორებით. ის გაშენებულია ზღვის დონიდან 60-90 .-ის სიმაღლეზე, ციხისძირის მაღლობზე, რომლის კალთებიც ციცაბოდ ეშვებიან ზღვაში და ქმნიან ციხისძირის კონცხს. ზღვაში შეჭრილი კონცხი პლიაჟს ორ ნაწილად ჰყოფს.
 
ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. აქ ზაფხულობით უფრო გრილა, ზამთარში კი უფრო თბილა, ვიდრე ბათუმსა და მახინჯაურში.
 
ციხისძირის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ის დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-ქალაქია. ხელსაყრელი სამხედრო და ეკონომიკური მდებარეობის გამო, აქ, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ქალაქი გააშენა, რომელსაც პეტრა ეწოდებოდა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ვიწრო ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიასთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.
 
ციხისძირის მწვანით შემოსილ ფერდობებზე, მის ულამაზეს ბაღებსა და პარკებში, განლაგებულია სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები და ბუნგალოები. პლიაჟები კეთილმოწყობილია, ფუნქციონირებენ ზღვაზე სასეირნო სატრანსპორტო საშუალებებიც, რომლებიც განუმეორებელ განცდას მოგანიჭებენ და წარუშლელი შთაბეჭდილებებით გაამდიდრებენ თქვენს ცხოვრებას.

              

     ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის - პეტრას ნანგრევები. ის ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის - ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. ასევე კარგად იყო განვითარებული საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობა. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს. პეტრა შთამბეჭდავია და ფიქრთააღმძვრელი. ამ ამაყი კედლებიდან თქვენ ჩვენი წინაპრები გადმოგყურებენ, რომლებიც მუდამ ხმალამოწვდილნი ებრძოდნენ მტერს და მშობლიურ მიწასა და ღირსებას უნარჩუნებდნენ შთამომავლობას.